ბრიანსკში დრონით დარტყმა იყო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შენობაზე

საილუსტრაციო ფოტო. უპილოტო საფრენი აპარატი

რუსეთის ქალაქ ბრიანსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გამეორდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საოლქო განყოფილება ადასტურებს, რომ ერთ-ერთი დრონი დაეცა საგამოძიებო კომიტეტის შენობას და მისი სახურავი და ფანჯრები დააზიანა. უწყება ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა.

გასულ ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში 3 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. დილით შეტევა გამეორდა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის თანახმად, სამხედროებმა აღკვეთეს ბრიანსკის სატელევიზიო ანძაზე 2 უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა. გუბერნატორი აცხადებს, რომ ანძა არ დანგრეულა და არც არავინ დაშავებულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

ასევე ნახეთ რუსეთის 5 რეგიონსა და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო

გასული ღამის განმავლობაში, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებსა და ანექსირებულ სევასტოპოლზე. დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგის და მოსკოვის ოლქებზე და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს, განსხვავებით ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლისგან, როგორც წესი, ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.