გარე განათების სისტემები
თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა კომპანიამ - შპს „თბილსერვისმა“ გამოყოფილი თანხით 200 გარე განათების ბოძისა და LED სანათის ნაცვლად 185 კომპლექტი იყიდა. ამით კომპანიის ხარჯი პრაქტიკულად არ შემცირებულა: სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 200 ცალი კომპლექტის შესაძენად ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა დახარჯულიყო 1 439 600 ლარი, მერიის კომპანიამ კი 15-ით ნაკლებ კომპლქტში თითქმის იგივე თანხა - 1 436 800 ლარი გადაიხადა. ამას აუდიტის სამსახური არასათანადოდ წარმართულ შესყიდვის პროცედურას უკავშირებს.
ერთი განათების ბოძი და LED სანათი ჯდებოდა:
- სატენდერო დოკუმენტით - 7200 ლარი;
- ტენდერში შეთავაზებული დაბალი ფასით - 6700 ლარი;
- მერიის კომპანიამ იყიდა - 7700 ლარად.
აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ პირველი ტენდერი ჩაიშალა, რადგან მონაწილე ვერცერთმა კომპანიამ ვერ წარადგინა მოთხოვნილი პარამეტრების ინფრასტრუქტურა. თბილისის მერიის კომპანიამ იმავე პარამეტრების ბოძების შესაძენი ტენდერი კიდევ ორჯერ გამოაცხადა იმის მიუხედავად, რომ მომწოდებლები მათ ვერ სთავაზობდნენ.
„აღნიშნულის შემდგომ თბილსერვისმა მიიღო გადაწყვეტილება საქონელი შეეძინა გამარტივებული შესყიდვით, ვინაიდან ვერ ესწრებოდა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის გარე განათების მოწყობის სამუშაოები“, - წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
185 გარე განათების ბოძისა და LED სანათის შეძენაზე დაიხარჯა, სატენდერო შეთავაზებასთან შედარებით, 185 000 ლარით მეტი.
ნაგვის ბუნკერების შესყიდვა
თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა კომპანიამ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ბუნკერები და ნაგავშემკრები მანქანა ტენდერის გარეშე იყიდა. აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ არასათანადოდ წარმართული პროცესების გამო „დაიკარგა ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“, - უწყება კვლავ სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაზე ამახვილებს ყურადღებას.
ნაგვის შემკრები ბუნკერების შესაძენად „თბილსერვისჯგუფმა“ ტენდერი 2019 წლის აგვისტოში გამოაცხადა და წინაპირობად მოითხოვა კომპანიას ჰქონოდა საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიწოდებული არანაკლებ 5000 ერთეული მიწისქვეშა ნაგვის ბეტონის კონტეინერი. ამ მოთხოვნას ვერცერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებდა და ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
მოგვიანებით, 2019 წლის დეკემბერში, თბილისის მერიის დასუფთავების კომპანიამ ტენდერის გარეშე ხელშეკრულება გააფორმა „ჯი-თი გრუპთან“, რომელიც მანამდე მონაწილეობდა იმ ჩაშლილ ტენდერში. „თბილსერვისჯგუფმა“ ერთ ბუნკერში გადაიხადა 31 700 ლარი.
აუდიტის სამსახური არ გამორიცხავს, რომ „საკმარისი ღონისძიებების გატარების“ შემთხვევაში თბილისის მერიის კომპანიის ხარჯი შემცირებულიყო, ამის მაგალითად დასახელებულია 2020 წლის მარტში გამოცხადებული ტენდერი.
„კონკურენციის პირობებში ერთი ერთეული ბუნკერის ღირებულება 1, 2 ათასი ლარით შემცირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 90 ერთეული მიწისქვეშა ბეტონის ბუნკერის ღირებულება გამარტივებული შესყიდვის ფასთან შედარებით 108 ათასი ლარით ნაკლებია“, - წერია აუდიტის დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ თუ ეს ტენდერი არ ჩაიშლებოდა, გამარჯვებული იქნებოდა „ჯი-თი გრუპი“, რომელმაც „თბილისერვისჯგუფის“ სხვა ტენდერში ნაგვის ბუნკერი 31 700 ლარად შესთავაზათ.
უდიტის სამსახურმა 25 აგვისტოს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც აფასებდა თბილისის მერიის დაქვემდებარებული კომპანიის „თბილსერვისჯგუფის“ 2020 და 2021 წლების საქმიანობას. 39-გვერდიან დოკუმენტში საუბარია კონკურენციის შეზღუდვაზე, ეკონომიის გაწევის შესაძლებლობის დაკარგვაზე, შრომის ანაზღაურების გაცემის ხარვეზებზე.