საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს გაითვალისწინოს გამოთქმული შენიშვნები და 50 წლამდე მოქალაქეებიც აღარ გადაიყვანოს მაღალრისკიან ან საშუალორისკიან კატეგორიაში და მათ მიერ დაგროვებული საპენსიო დანაზოგი კვლავ ნაკლებრისკიან პორტფელში დატოვოს. რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ უთხრა, რომ პარლამენტში კანონპროექტს ამ ცვლილებების გათვალისწინებით მიიღებენ.
"კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მოქალაქეებს უნდა აერჩიათ, რომელ პაკეტში უნდათ დაგროვებითი პენსიის გადატანა [დაბალრისკიან, საშუალორისკან, მაღალრისკიან პორტფელში]. ამ კანონით, რასაც ახლა ვიღებთ, 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ეს საკითხი. თუმცა ნებაყოფლობით, ვისაც ენდომება, რომ მაღალრისკიან პორტფელში გადაიტანონ თანხა, ამის უფლება ექნებათ", - ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ასევე ნახეთ ვერ ვასწრებ საპენსიო დანაზოგის დაბანდებას - კიდევ მექნება შანსი?თუმცა ამ დრომდე, უკვე არსებული კანონით, რომელშიც ცვლილებები ჯერ არ არის შესული, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემაშია ჩართული, ვალდებულება აქვს განსაზღვროს, როგორ დაბანდდეს მისი ფული. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს დასაქმებული, სისტემა მას ასაკის მიხედვით ახვედრებდა შესაბამის კატეგორიაში:
- 40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო თანხები გადანაწილდება "მზარდ" (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
- 40 წლიდან 50 წლამდე დასაქმებულის - "შერეულ"(საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
- 50 ან 50-ზე მეტი წლის - "სტაბილურ" (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე არ გადავიდნენ საშუალო ან მაღალრისკიან კატეგორიაში, დაბრუნდებიან დაბალრისკიან კატეგორიაში. იმ შემთხვევაში, თუ მათ მაღალრისკიან ან საშუალორისკიან კატეგორიაში მოხვედრა უნდათ, აუცილებლად უნდა დაწერონ განაცხადი.
ასევე ნახეთ როგორ უნდა დარეგისტრირდე ან ნახო საკუთარი საპენსიო დანაზოგი - ინსტრუქცია