ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, 26 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც მიულოცა. ის იმეორებს კრემლის ძველ გზავნილებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და თბილისი დასავლელი პარტნიორების წახალისებით მოქმედებდა.
„ვთვლი, თბილისისთვის მოვიდა დრო, აღიაროს ობიექტური რეალობა და შეუდგეს თანასწორუფლებიან დიალოგს სოხუმსა და ცხინვალთან, ძალის არგამოყენების გარანტიების საფუძველზე. ეს ყველა მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის“, - ამბობს მედვედევი მისალოც მიმართვაში, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკების მედიაც ავრცელებს.
2008 წელს მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყო და ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებაც მან გამოაცხადა.
საქართველოში რუსეთის შემოჭრა, ოკუპაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დონეზე არაერთგზის აღიარებული ფაქტია. რუსეთის გამიზნული გეგმა და ხელწერა - მიიტაცოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები - ბევრისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამ.
ასევე ნახეთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ
25 აგვისტოს რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს, შეხვდა. მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.
15 წლის წინ, ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და 2014 წლიდან მსგავსი პროცესები უკრაინაში გააგრძელა.
საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში, ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ შემდეგ მათ გააუქმეს. ცხინვალსა და სოხუმში ამ ფაქტს არ აღიარებენ.