რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ. ცხინვალში აცხადებენ, რომ, შაბათს, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჩამონათვალში დასახელებულია რუსეთის დუმა, ფედერაციის საბჭო, ნიკარაგუა, დნესტრისპირეთი [მოლდოვის ოკუპირებული რეგიონი], აფხაზეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა [უკრაინის ოკუპირებული ტერიტორია], ყირიმი [უკრაინის ანექსირებული ნახევარკუნძული], ყაბარდო-ბალყარეთი და სხვა.
ცხინვალის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი. მას ახლავს რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაპატიმრების ორდერი გასცა.
2023 წლის მარტში, ჰააგის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებით. ბრალდებას უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია წარმოადგენს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში ჩავიდნენ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი და თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჩიჟოვი.
25 აგვისტოს რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს, შეხვდა. მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.
15 წლის წინ, ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და 2014 წლიდან მსგავსი პროცესები უკრაინაში გააგრძელა.
საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში, ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ შემდეგ მათ გააუქმეს. ცხინვალსა და სოხუმში ამ ფაქტს არ აღიარებენ.