აღიარების 15 წელი - რუსული დამოკლეს მახვილი აფხაზების თავზე

ასლან ბჟანია, 2020 წ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის 15 წლისთავს უჩვეულო განწყობით ხვდებიან სოხუმში.

დმიტრი მედვედევის სტატიამ, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ აფხაზეთის შესაძლო მიერთებაზე, ბევრს დაუკარგა როგორც საზეიმო განწყობა, ასევე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისადმი მადლიერების გრძნობა, რომლის გამოვლინებად უნდა ქცეულიყო სოხუმში მედვედევის სახელობის ხეივნის გახსნა.

სოხუმში არ ფიქრობენ, რომ რუსეთის ექსპრეზიდენტსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის ოფიციალურ ავტორს მექანიკური შეცდომა მოუვიდა. ადგილობრივი საზოგადოების შეშფოთებას კიდევ უფრო ამძიმებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დუმილი, რომელსაც აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედვედევთან თანხმობის ნიშნად მიიჩნევენ.

25 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის წლისთავის წინა დღეს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს გორკიში უმასპინძლა დმიტრი მედვედევმა - რუსეთის ექსპრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოქმედმა მოადგილემ, რომელმაც სტუმრებს 15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების სირთულე და მნიშვნელობა შეახსენა:

„ეს არ იყო ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა მიიღო 2008 წელს, მაგრამ ამან უზრუნველყო მშვიდობა კავკასიაში და რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა... ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამოკავშირეო ურთიერთობები, რომლებიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად განვითარდება და გაგრძელდება“.

ასევე ნახეთ მედვედევი იმუქრება, რომ საქართველოს ორ რეგიონს შეიერთებენ

მედვედევს ამჯერად არაფერი უთქვამს სოხუმისა და ცხინვალის რუსეთში შესაძლო ინტეგრაციაზე, თუმცა „არგუმენტი ი ფაქტში“ გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის ერთგვარ გამოძახილად გაისმა ალან გაგლოევის მადლიერებითა და მორჩილებით გაჟღენთილი სიტყვა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილით დასრულდა:

„ცნობილი ფაქტია, რომ ოსეთი ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს და მას შემდეგ არასოდეს შეუცვლია თავისი ისტორიული არჩევანი. მინდა დაგარწმუნოთ, ძვირფასო დმიტრი ანატოლიევიჩ, რომ დღესაც მზად ვართ განვავითაროთ ინტეგრაციული პროცესები რუსეთის ფედერაციაში შესვლის ჩათვლით“.

ალან გაგლოევისგან განსხვავებით, შეხვედრის მსვლელობისას, ასლან ბჟანიას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა მას ასევე არაფერი უთქვამს სოხუმისა და ცხინვალის ხედვებს შორის განსხვავებაზე, რაზეც 23 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ გაამახვილა ყურადღება, როცა განაცხადა, სოხუმს, ცხინვალისგან განსხვავებით, არასოდეს მიუმართავს რუსეთისთვის მის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნით და ამგვარი გადაწყვეტილების მომხრე პოლიტიკური ძალები აფხაზეთში არც არიანო.

როგორც სოხუმში გამომავალი გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ინალ ხაშიგი ამბობს, სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ხმამაღლა თქვა, რომ მისთვის მიუღებელია აფხაზეთის რუსეთთან შეერთების იდეა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შამბა მართლაც მაღალი თანამდებობის პირია, ინალ ხაშიგის აზრით, ხელისუფლების აბსოლუტური დუმილის ფონზე ეს განცხადება გამოიყურება შამბას პირად მოსაზრებად, რომელიც აცდენილია „პარტიის გენერალურ ხაზს“.

ინალ ხაშიგი

„შამბა თავისი საქციელით მართლაც "თეთრი ყვავია" დღევანდელ სამთავრობო გუნდში. ის ერთადერთია ამჟამინდელი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გარემოცვიდან, რომელიც ყოველგვარი სიყალბის გარეშე პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსი. სხვები კი ისე იქცევიან, თითქოს რუსეთის რომელიმე დოტაციური რეგიონის ხელმძღვანელები იყვნენ და ამის არც რცხვენიათ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მათთვის აშკარად ტვირთია“, - ამბობს ინალ ხაშიგი.

ასლან ბჟანიას დმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს მართლაც არაფერი უთქვამს სოხუმში მღელვარების გამომწვევი სტატიის შესახებ.

„ჩვენ მრავალი ათეული წელი მივდიოდით დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისკენ. ჩვენი გზა ბევრი ოფლით, სისხლით იყო მორწყული და საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციის წყალობით, სამართლიანობამ გაიმარჯვა. მინდა გაცნობოთ, რომ ყველა ჩვენი ერთობლივი საქმე კიდევ უფრო განვითარდება, ჩვენ განვამტკიცებთ ჩვენს მოკავშირულ ურთიერთობებს. ყოველთვის, როცა საჭიროება იქნება, აფხაზეთი რუსეთის ყველა ხალხისა და მოძმე სამხრეთ ოსეთის გვერდით დადგება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ასლან ბჟანია და დმიტრი მედვედევი

არადა, სოხუმში ასლან ბჟანიასგან სულ სხვა სულისკვეთების განცხადებას ელოდნენ. ღია წერილში, რომელსაც აფხაზეთში მოქმედი რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა აწერს ხელს, ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დმიტრი მედვედევის სიტყვებზე (თითქოსდა, რუსეთთან შეერთების იდეა პოპულარულია აფხაზეთში) ხელისუფლების სრული დუმილის და რეაქციის არარსებობის ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მეთაურს (ასლან ბჟანიას) არ შეუძლია შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და დაიცვას აფხაზეთის სუვერენიტეტი:

„ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ბჟანიას ვადამდელი გადადგომის საკითხი - მისი სრული არაკომპეტენტურობისა და იმ პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობის გამო, რომელიც მას აკისრია აფხაზი ხალხისა და მისი სახელმწიფოს ბედის წინაშე. ეს არის ადამიანი, რომელიც მეოთხე წელია მხოლოდ უცხოელი ოლიგარქების ინტერესებს ატარებს, რომელიც მზადაა გაუზიაროს სუვერენიტეტი სხვას, აწარმოოს მრავალდონიანი მოლაპარაკებები საქართველოსთან, რომელსაც არ შეუძლია ადეკვატურად წარმოადგინოს და დაიცვას აფხაზეთის მოსახლეობა“.

აფხაზეთის ომის ვეტერანები დ. მედვედევის სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას აკრიტიკებენ

აფხაზეთის მოსახლეობას რომ დასაცავი ექნება თავი, ამაზე აფხაზეთში მოქმედი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ლაპარაკობს. ამასთან, დასაცავი ექნება როგორც რუსეთისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომელიც, ინალ ხაშიგის ვარაუდით, აფხაზი ხალხის მთავარი პრობლემაა.

„დმიტრი მედვედევი კარგად ინფორმირებულია საიმისოდ, რომ არ დაუშვას უხეში შეცდომები აფხაზეთის შესახებ საუბრისას. როდესაც ის აფხაზეთში რუსეთთან შეერთების იდეის პოპულარულობაზე საუბრობს, აბსოლუტურად გულწრფელია. მას ჰგონია, რომ ამ საკითხში კარგადაა გარკვეული. რა თქმა უნდა, მედვედევს აფხაზეთის უბრალო მოქალაქეებთან არ აქვს ურთიერთობა, მაგრამ იგი მრავალი წლის განმავლობაში პერიოდულად ხვდება აფხაზეთის ხელისუფლების წევრებს, შესაბამისად, თავისი წარმოდგენა ჩამოყალიბებული აქვს მათი ქცევისა და განწყობების მიხედვით“, - ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ ხელისუფლებას ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი ხანია ეროვნული ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს, მთავარ არგუმენტად კი ისინი ასახელებენ მიწის გაყიდვაზე აკრძალვის გაუქმებისა და ე.წ. აპარტ-ოტელების კანონის ლობირებას, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს მიეცემათ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის და, შესაბამისად, ჩასახლების უფლება, რაც, თავის მხრივ, დემოგრაფიული სურათის მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.

ე.წ. აპარტ-ოტელების კანონის ლობირების უკან რომ რუსული ინტერესები დგას, რუსეთის პოლიტიკური წრეებისა და მედიის აქტიურობიდან ჩანს. რუსული გამოცემის „მირ ი პოლიტიკას“ კითხვაზე, მიეცემათ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლება, ასლან ბჟანიამ უპასუხა:

„ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი ურთიერთობა უნდა შეივსოს მეტი შინაარსით. ჩემი აზრით, დიდი ხანია მომწიფდა საკითხი, რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა შეიძინონ საცხოვრებელი აფხაზეთში, მრავალსართულიან შენობებში. იყო ობიექტური მიზეზები, რაც ხელს უშლიდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ახლა კი მგონია, რომ ჩვენს მეგობრებს, რუსეთის მოქალაქეებს, ამის შესაძლებლობა მიეცემათ“.

მოსკოვი ყველანაირად აგრძნობინებს აფხაზეთს, რომ მისგან მეტ დათმობას მოელის, რომ გაწეული 120-მილიარდრუბლიანი დახმარების ფასი ისეთი კანონების მიღებაა, რომლებიც რუსულ კომპანიებს მიწის, უძრავი ქონების, ენერგეტიკის ობიექტებისა და ეკონომიკის სხვა მიმზიდველი სექტორების პრივატიზებისკენ გაუხსნის გზას. აფხაზეთის ოპოზიცია ამაშიც დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკებს ხედავს და აქაც მთავარ საფრთხედ ასლან ბჟანიას ხელისუფლებას ასახელებს.

ასევე ნახეთ აფხაზეთი „აღიარებიდან“ 15 წლის შემდეგ: ძველ და ახალ მედვედევს შორის

ნეიტრალური დამკვირვებლებისთვისაც აშკარაა, რომ იზრდება რუსეთის ზეწოლა სოხუმზე. მოსკოვი ცდილობს აფხაზეთის სუვერენიტეტის სრულ გამოშიგვნას, რაც არ გამორიცხავს როგორც რუსეთისთვის ხელსაყრელი კანონების მიღებას, ასევე რუსეთთან აფხაზეთის შეერთებას (რაზეც მედვედევმა ილაპარაკა). აფხაზური მედიის ზერელე ანალიზიდანაც ჩანს, რომ ამ რისკებს ხედავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ნებისმიერი აქტიური ადამიანი.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ მიერ სოხუმის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რუსეთისთვის დამოუკიდებლობის დათმობის (სუვერენიტეტის ნაწილის გადაცემის) იდეა, რბილად რომ ითქვას, უკიდურესად არაპოპულარულია აფხაზეთში.

„აფხაზეთში აფხაზები თუ არ იქნებიან, ქვები და ხეები იბრძოლებენ ჩვენი მიწისთვის“, - განაცხადა დმიტრი მედვედევის სტატიის კომენტირებისას სოხუმის მკვიდრმა ლაშა ზუხბამ.