კრემლი ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილს.
როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა კრემლი პრიგოჟინის დაღუპვას. პესკოვმა უპასუხა, რომ ფაქტის დადასტურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ექსპერტიზის, მათ შორის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებით. პუტინის პრესმდივნის თქმით, ეს შედეგები ჯერ არ არსებობს და იგივე ეხება ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზსაც.
ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, პრიგოჟინის სიკვდილის დადასტურების შემთხვევაში, დაესწრება თუ არა მის დაკრძალვას პრეზიდენტი პუტინი, პესკოვმა უპასუხა, რომ სანამ გაურკვეველია ექსპერტიზის დასრულების დრო და შესაბამისად, არც რაიმე დაკრძალვის თარიღი არსებობს, ამაზე საუბარი შეუძლებელია. ამასთან, პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს.
კრემლის პრესმდივანმა „აბსოლუტური ტყუილი“ უწოდა დასავლეთის წყაროებით გავრცელებულ ცნობებს, რომ კრემლს კავშირი აქვს პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფასთან.
ასევე ნახეთ „ვაგნერის“ ლიდერის, პრიგოჟინის თვითმფრინავი „განზრახ მოწყობილმა აფეთქებამ“ ჩამოაგდო - APასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი
რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს, ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი და ამჟამად მათი ექსპერტიზა მიმდინარეობს.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
- ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
- 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
- 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
- 21 აგვისტოს „ვაგნერთან" კავშირის მქონე ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი მიანიშნებდა, რომ აფრიკაში იმყოფება.