ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დაახლოებით 20 წუთი გაატარა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის საპატიმროში, სადაც ჩატარდა ბრალდებულის სტატუსით მისი ჩაბარების ოფიციალური პროცედურა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში ბრალდებულ ტრამპს თითის ანაბეჭდები აუღეს, ფოტოები გადაუღეს, შეუვსეს პატიმრის სტანდარტული ანკეტა მისი სიმაღლის, წონის და თმის და თვალის ფერის მონაცემებით და მიანიჭეს ნომერი P01135809.
24 აგვისტოს ჩატარებული ამ პროცედურის შემდეგ დონალდ ტრამპი ციხიდან გაუშვეს 200 000 დოლარის გირაოთი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეუფარდა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის მოსამართლემ. ტრამპმა ატლანტა საკუთარი თვითმფრინავით დატოვა და დაბრუნდა ნიუ-ჯერსიში, სადაც ამჟამად ცხოვრობს.
ფულტონის ოლქის პროკურორი ფანი უილისი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალს სდებს იმაში, რომ 2020 წელს ჯორჯიის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკელებისგან მოითხოვდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას. თავად ტრამპი ამას უარყოფს. რამდენიმე დღის წინ მან პროკურორ უილისს, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, „მემარცხენე რადიკალი“ უწოდა.
ასევე ნახეთ ტრამპმა უარი თქვა რესპუბლიკელების პირველ საარჩევნო დებატებში მონაწილეობაზეპატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებულ დონალდ ტრამპს ეკრძალება მოწმეების და თანამზრახველების დაშინება, მათ შორის სოციალური ქსელებით პოსტების გამოქვეყნების გზით, სხვა ბრალდებულებთან კონტაქტს კი, მხოლოდ ადვოკატების თანდასწრებით შეძლებს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპთან ერთად ბრალდებულია 18 პირი, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მედოუზი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი, ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი. ამ საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, 2024 წლის მარტში დაიწყება.
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პირველია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ აღძრულია 4 საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და ამჟამად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
- მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
- 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.