რატომ ვერ აჩერებენ რუბლის ვარდნას?

2022 წლის მაისში, როცა რადიკალური მონეტარული და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების წყალობით, მოხერხდა რუბლის კატასტროფული ვარდნის შეჩერება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ირონიულად შენიშნა, „დოლარი, როგორც ხედავთ, იფუშება, რუბლი კი იზრდებაო“.

პუტინის მსგავსად ამერიკულ და ევროპულ ვალუტებს დასცინა დმიტრი მედვედევმაც - უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელმაც რუსეთის მოსახლეობას დიდსულოვნად გაუზიარა „ამძაღებული ევროსგან“ თავის დაცვის ეფექტიანი საშუალება:

„უნდა გადავიდეთ გადახდის ახალ საშუალებებზე ჩვენს სანდო პარტნიორებთან ვაჭრობაში, საჭიროა ეროვნული ვალუტების - რუსული რუბლის, ჩინური იუანის, ინდური რუპიის გამოყენება. ასევე შესაძლებელია BRICS-ის ქვეყნების ახალი სარეზერვო ვალუტის შექმნა. თანამედროვე სამყაროსთვის მხოლოდ დოლარი, ევრო და გირვანქა სტერლინგი საკმარისი არაა. მანამდე კი $1 = 1 ევროს. ასე რომ, შეინახეთ დანაზოგი რუბლებში!”

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, 2022 წლის 19 აპრილი

რუსეთის მოსახლეობას დანაზოგების რუბლში შენახვას ურჩევდა რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა:

„რუბლში საბანკო დანაზოგები - ეს ნიშნავს რუბლის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას, საქონლისა და მომსახურების შეძენას თქვენი შემოსავლით, ხელფასით. ჩვენ კი უბრალოდ ვატარებთ ფასების სტაბილურობის პოლიტიკას ზუსტად იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ რუბლის მსყიდველობითი ძალა, რუბლის დანაზოგები, რუბლში გადახდილი ხელფასები”.

თუმცა ამ განცხადებებისა და მოწოდებების მიუხედავად, „ამძაღებულ ევროსა“ და "დაფუშულ დოლარზე" რუსეთში კვლავ დიდი მოთხოვნაა, რუბლი კი ლამის რეკორდულად დაბალ ნიშნულამდეა გაუფასურებული.

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, შეაჩეროს რუბლის ვარდნა, რისთვისაც 15 აგვისტოს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი არაგეგმურად გაზარდა ერთბაშად 8,5%-დან 12%-მდე, რამაც კურსის დინამიკაზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა იქონია:

14 აგვისტოს მოსკოვის ბირჟის აუქციონებზე 1 დოლარი 101 რუბლი, ხოლო 1 ევრო 110 რუბლი ღირდა; 17 აგვისტოს 1 დოლარის ფასი 97 რუბლი, ხოლო 1 ევროსი 106 რუბლი იყო. წლის დასაწყისიდან რუბლი დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით გაიაფდა.

რეფინანსირების განაკვეთი - მინიმალური პროცენტი, რომლითაც რუსეთის ცენტრალური ბანკი გასცემს სესხებს კომერციულ ბანკებზე და იღებს მათგან ფულს დეპოზიტებზე. ცენტრალური ბანკიდან სესხის მიღების შემდეგ, ბანკები კომპანიებსა და საცალო მომხმარებლებზე სესხებს გასცემენ საკუთარი პროცენტით, რაც ოდნავ აღემატება ცენტრალური ბანკის განაკვეთს.

თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა რუბლს ვერ დაიცავს გაუფასურებისგან, რადგან დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკაში სრულფასოვნად აღარ მუშაობს თითქმის არცერთი საბაზრო მექანიზმი.

„განაკვეთის გაზრდა მხოლოდ დამხმარე ეფექტის მატარებელია. განაკვეთის გაზრდას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რაღაც ადმინისტრაციული ზომები. მაგალითად, შეზღუდვა კაპიტალის გატანაზე“, - ამბობს ეკონომიკის პროფესორი ევგენი კოგანი.

ეკონომიკის პროფესორი ევგენი კოგანი

მართლაც, როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება სანდო წყაროებზე დაყრდნობით, რუბლის გაუფასურებითა და ინფლაციის ზრდით შეშფოთებული რუსეთის ხელისუფლება აპირებს ადმინისტრაციული ზომების გატარებას. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კრემლი აპირებს სავალდებულო გახადოს ექსპორტიორების მიერ მიღებული სავალუტო შემოსავლების რუბლზე გაყიდვა.

რუსეთის მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება შარშანაც შემოიღო, როცა 2022 წლის გაზაფხულზე უკრაინაში შეჭრის გამო რუბლმა მკვეთრი დევალვაცია განიცადა.

Financial Times-ის წყაროებიც ამბობენ, რომ რუსეთის სამთავრობო წრეებში მიმდინარეობს დისკუსია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაავალდებულებს რუს ექსპორტიორებს 90 დღის ვადაში გაყიდონ უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლის 80%. კომპანიები, რომლებიც უგულებელყოფენ ამ მოთხოვნას, დაკარგავენ სახელმწიფო სუბსიდიებზე წვდომას.

Reuters-ი ციტირებს თავის წყაროს, რომლის თანახმადაც, რუსული ბიზნესი იძულებულია, გადაიხადოს მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების ფასი, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან, როგორც ეკონომისტები ამბობენ, რუბლის ვარდნისა და ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად საჭირო იქნება სხვა არაერთი მონეტარული თუ ადმინისტრაციული ღონისძიება.

მთლიანობაში რა საშუალებების გამოყენება შეუძლია რუსეთის მთავრობას?

  • რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი გაზრდა - 12%-იანი განაკვეთი ისედაც ძალიან მაღალია, ყველანაირ ეკონომიკურ აქტივობას კლავს. განაკვეთის მეტად გაზრდა, ძლიერი დარტყმა იქნება როგორც საწარმოებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
  • საზღვარგარეთ თანხების გატანაზე შეზღუდვის დაწესება - გავლენას იქონიებს რუბლის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე, მაგრამ ექნება ძლიერი გვერდითი ეფექტები, მათ შორის საგარეო ვაჭრობის შესაძლო პარალიზების ჩათვლით, რაც გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების იმაზე მეტ ზრდას, ვიდრე თავად გაცვლითი კურსის შესუსტება იწვევს.
  • იმპორტის შეზღუდვა - მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს რუბლის კურსზე, მაგრამ მთლიანობაში მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. „რუსეთის ეკონომიკა იმპორტულ საქონელს უბრალოდ ისე კი არ ყიდულობს, არამედ იმისთვის, რომ წარმოებისთვის არის აუცილებელი და სხვა არჩევანი არ აქვს. ეკონომიკის ზრდა, რაც ახლა ფიქსირდება, ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა საჭირო საქონლის იმპორტირების გარეშე“, - ამბობს Raiffeisenbank-ის უფროსი მაკროანალიტიკოსი სტანისლავ მურაშოვი.
  • ტრანზაქციების აკრძალვა უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც რუსეთის დატოვებას აპირებენ - რუბლის შესუსტების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთის დატოვების მსურველ კომპანიებთან დადებული გარიგებებია. რუბლის კურსზე ამ ფაქტორის ზეწოლის შესამცირებლად, 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა შეზღუდვა: რუსეთის იმ რეზიდენტებს, რომლებიც აპირებენ უცხოური კომპანიების აქტივების შეძენას, უცხოური ვალუტის შესყიდვაზე დაუწესდათ ლიმიტი - თვეში 1 მლრდ დოლარის ოდენობით. ეკონომისტების თქმით, ერთი შეხედვით, უცხოელებთან ტრანზაქციების აკრძალვამ და რუსეთიდან დოლარი/ევროს გადინების შემცირებამ დადებითად უნდა იმოქმედოს რუბლის კურსზე, მაგრამ, მეორე მხრივ, გართულდება უცხოური აქტივების რუსული კომპანიებისთვის გადაცემა.
  • სავალუტო ინტერვენციები - რუსეთის ცენტრალურ ბანკს რუბლის კიდევ უფრო სწრაფი გაუფასურების შემთხვევაში, შეუძლია ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენოს სავალუტო ინტერვენცია ჩინური იუანის გაყიდვით, თუმცა, როგორც რუსი ეკონომისტები შენიშნავენ, ბოლომდე გაურკვეველია, შეუძლია თუ არა რუსეთის ცენტრალურ ბანკს ამ ინსტრუმენტის რეალურად გამოყენება, რადგან ეს ტრანზაქციები გადის ჩინეთის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე, ჩინეთის ბანკს კი შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები ჰქონდეს.
  • ექსპორტიორებზე ზეწოლა - რუბლზე ზეწოლას ახდენს ექსპორტიდან მიღებული ვალუტის გაყიდვების შემცირება. მეტიც, რუბლით ანგარიშსწორების შემთხვევაშიც კი რუსეთში მოქმედი რეგულაცია არ უკრძალავს ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის შეძენას, რაც შესაძლოა გაკეთდეს რუბლის გაცვლითი კურსის ცვალებადობის ან ინფლაციის შესაძლო ზრდისგან თავის დაზღვევის მიზნით. ექსპერტები ასეთი ოპერაციების აკრძალვასაც არ გამორიცხავენ.

ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ რუბლი სუსტდება საექსპორტო შემოსავლების შემცირების გამო: ბაზარს არ მიეწოდება საკმარისი უცხოური ვალუტა მაშინ, როცა მასზე მაღალი მოთხოვნაა იმპორტიორებისა და მსხვილი ბიზნესის მხრიდან.

„რუბლის შარშანდელი გამყარება ანომალია იყო. როგორც ჩანს, იგივე აღარ მოხდება, - ამბობს ეკონომისტი ევგენი კოგანი, - თუ ვალუტის შემოდინება არ გაიზარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში რუბლსა და გაქცეულ ინფლაციას არაფერი ეშველება. ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც ასევე გაზრდიდა ვალუტის შედინებას რუსეთში“.

რუსეთის ნავთობის ფასი, „დიდი შვიდეულის "( G7) ქვეყნების გადაწყვეტილებით, ლიმიტირებულია: რუსული ნავთობის (1 ბარელის) ღირებულების ზედა ზღვრად დადგენილია 60 დოლარი, თუმცა, როგორც Financial Times-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რუსმა ექსპორტიორებმა გადამზიდავ კომპანიებთან გარიგებითა და გადაზიდვის საფასურის ხელოვნურად გაზრდის გზით, ლიმიტზე მაღალ ფასად, 68 დოლარად გაყიდეს ნავთობი. შედეგად, რუსულმა კომპანიებმა 2023 წლის სამი თვის განმავლობაში (მაისი-ივლისი) დამატებით 1,2 მლრდ დოლარის მოგება ნახეს.

ასევე ნახეთ FT: რუსეთი ნავთობს G7-ის მიერ დაწესებულ ლიმიტზე მაღალ ფასად ყიდის