Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: რუსეთი ნავთობს G7-ის მიერ დაწესებულ ლიმიტზე მაღალ ფასად ყიდის


Greenpeace-ის წევრები ცდილობენ გააჩერონ რუსული ტანკერი, რომელიც ნორვეგიაში ნავთობს გადაზიდავს. 2022 წლის 5 აპრილი
Greenpeace-ის წევრები ცდილობენ გააჩერონ რუსული ტანკერი, რომელიც ნორვეგიაში ნავთობს გადაზიდავს. 2022 წლის 5 აპრილი

რუსეთმა თავისი ნავთობის გაყიდვის მარტივი და ეფექტური გზა იპოვა, "დიდი შვიდეულის"( G7) ქვეყნების მიერ დადგენილ ლიმიტზე მაღალ ფასად - ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება, ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებაზე დადებული კონტრაქტების გაანალიზების საფუძველზე.

რუსი ექსპორტიორები ნავთობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიან. გამოცემამ შეისწავლა მიმდინარე წლის მაისში, ივნისსა და ივლისში ბალტიის ზღვის პორტებიდან ინდოეთში რუსული ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები. ამ გადაზიდვებს ახორციელებენ ტანკერები, რომელთა მფლობელ კომპანიებსაც რუსეთთან აქვთ კავშირები.

უცხო ქვეყნებში ბაზირებული ამ კომპანიების მფლობელები მოგების ნაწილს რუსეთში აბრუნებენ. Financial Times-ის ცნობით, ამ სამი თვის განმავლობაში რუსული ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 68 დოლარი იყო, არსებული 60-დოლარიანი ლიმიტის პირობებში, რისი წყალობითაც რუსეთმა დამატებით 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ პრაქტიკას რუსეთი სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, ჩინეთთან ურთიერთობაშიც მიმართავს.

რუსეთში ნავთობის გაყიდვით გამომუშავებული დოლარების შედინების შეზღუდვის მცდელობისას (ამ დოლარების მეშვეობით კრემლი უკრაინის სამხედრო ოპერაციას აფინანსებს), G7-მა აკრძალვა დააწესა გადაზიდვების დაზღვევაზე და სხვა სერვისებზე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც შეძენილია G7-ის მიერ დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასად. ეს ფასი ამჟამად 60 დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნავთობის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა წელს ნავთობის ფასების დაცემისა და G7-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, გავრცელდა ცნობები, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი წყნარი ოკეანის პორტებიდან ხდება ბარელზე 60 დოლარზე მაღალი ფასებით.

XS
SM
MD
LG