უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინა ვერ მიიღებს F-16-ებს შემოდგომასა და ზამთარში

საილუსტრაციო ფოტო: ავიაგამანადგურებელი F-16

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლებს, F-16-ებს, შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ თვითმფრინავებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ვინაიდან ის შეიძლებოდა, გამხდარიყო საჰაერო თავდაცვისა და რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავდასხმის მოგერიების საშუალება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინელი პილოტების გაწვრთნის საკითხი „პრაქტიკულად ადგილიდან დაიძრა“. „ვხვდებით, რომ ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში დაიწყებენ სწავლას“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ების სამართავად აგვისტოში დაიწყება.

ამავდროულად, გამოცემა Politico-ს თანახმად, უკრაინელი მფრინავების მომზადება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და პირველი თვითმფრინავი უკრაინაში ჩავა არაუადრეს 2024 წლის გაზაფხულისა.

ასევე ნახეთ აშშ-მა უფლება მისცა ქვეყნებს, გადაამზადონ უკრაინელი მფრინავები F-16-ის სამართავად

ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ნებართვა, ასწავლონ უკრაინელ პილოტებს ავიაგამანადგურებელ F-16-ის მართვა. სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი შეასრულებენ.

რუსეთის შეჭრის გამო უკრაინამ სამხედრო ავიაციის უმეტესი ნაწილი დაკარგა. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითხოვს.