აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მოლაპარაკება მიმდინარეობდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, მისი ტერიტორიების ნაწილის რუსეთისთვის დათმობის პირობებში. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა დისკუსია ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის გაცვლაზე, კირბიმ განაცხადა, რომ „არაფერი მსგავსი, ეს ასე არაა“.
კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატოს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ ბოლო სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამაც დაადასტურა.
„ვილნიუსის სამიტზე ალიანსმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ გაწევრიანების გზა შეიძლება შემუშავდეს, ახლა მთავარი ყურადღება გამახვილებულია უკრაინის დახმარებაზე რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში და ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც სრულად უკრაინას ეკუთვნის. ისინი ყოველდღე განიცდიან პროგრესს და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ.
ასევე ნახეთ კიევმა მკაცრად უპასუხა ტერიტორიული დათმობის შესახებ ნატოს გენმდივნის აპარატის უფროსის ნათქვამსნატოს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა აღიარა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი თავისი ტერიტორიის ნაწილზე „უარის“ სანაცვლოდ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავს დისკუსიებს უწოდა "აბსოლუტურად მიუღებელი" და ხაზი გაუსვა, რომ ისინი რუსულ ნარატივს ეთამაშებიან.
მოგვიანებით სტიან იენსენმა „შეცდომა“ უწოდა თავის სიტყვებს რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო სცენარის შესახებ.