შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის ნაპოვნია 26 დაღუპული

შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას 15 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული26 ადამიანი.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ოცდამეექვსე სხეული სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის ქვეშ იპოვეს. უწყებაში ვერ გასცემენ ინფორმაციას, დღეს ნაპოვნი ცხედარი ზრდასრულს ეკუთვნის თუ ბავშვს.

ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 7 ადამიანს.

ასევე ნახეთ „არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს [ღამით ფრენა]“ - შს მინისტრის პირველი კომენტარი შოვზე
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი