3 აგვისტოს კურორტ შოვში ღვარცოფში შვილთან ერთად მოყოლილმა კიდევ ერთმა ადამიანმა, გიო ადამიამ, მიმართა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს სამი საათი ებრძოდა.
"ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!" - წერს გიო ადამია.
ასევე ნახეთ „ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავიმისი მონაყოლის მიხედვით, იგი ხედავდა, როგორ ცდილობდნენ გადარჩენას დავით ჯელაძე და მისი მცირეწლოვანი დისშვილი.
"ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 4 საათი", - იხსენებს გიო ადამია.
ასევე ნახეთ "ეს რა თქვი?!" - მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსშოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს მმართველი პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი ნათქვამის მიხედვით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ "გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - მეწყერში მოყოლილმა კობახიძეს უპასუხაჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან დავით ჯელაძის შესახებაც ილაპარაკა.
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს:
"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი