"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - მეწყერში მოყოლილმა კობახიძეს უპასუხა

მარიამ ბერიანიძის ოჯახი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე შოვში

შოვში მომხდარი სტიქიისას მეწყერში მოყოლილმა მარიამ ბერიანიძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც პოლიტიკოსმა სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს სამი საათი ებრძოდა.

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე...

ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20-სანტიმეტრიანი კი არა, 3-მეტრიანი იყო. ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია. ტალახის კიდეზე კი არა მეწყერის შუაგულში ვიყავით 3 საათი!.. 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას. იქნებ, 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ...

ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით, თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება - არა", - წერს 3 აგვისტოს ღვარცოფში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ფეისბუკში.

ასევე ნახეთ „ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს მმართველი პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი ნათქვამის მიხედვით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".

ასევე ნახეთ "შენ არ განგიცდია ბავშვი ზურგზე გეჯდეს და ეფლობოდე მეწყერში" - მეწყერში მოყოლილი კობახიძეს

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ "ეს რა თქვი?!" - მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც 3 აგვისტოს ღვარცოფში მოჰყვნენ და გადარჩენა შეძლეს. იგი ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მარიამი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა გადარჩენისთვის თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

“ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როცა პირველად დაგვარტყა ტალღამ: ჩემი მეუღლე დაუდგა ზურგით, ხელებში მოიქცია ბავშვი, მეც წინიდან დავუდექი და მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი აღსასრული. მორჩა! თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და ასე ვემშვიდობებოდით თითქოს ერთმანეთს", - იხსენებდა ახალგაზრდა ქალი რადიო თავისუფლებასთან 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს.

ასევე ნახეთ “ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - მარიამის, შოთას და კოტიკოს ამბავი შოვიდან

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9-ს კი ეძებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს:

"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.

ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი