აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე უკრაინის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე. 9 აგვისტო, 2008 წელი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 15-ე წლისთავთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვალავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთი ოსეთი, კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავინდებურად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

ასევე ნახეთ 15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგაც გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი: ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა