ქარსელაძე სტიქიის არეალში ვერტმფრენების ჩაფრენაზე: „არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია"

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო დაწყებულ სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვის საკითხზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს რაჭაში მყოფ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს. შეკითხვაზე, რა გახდა სტიქიის ზონაში ვერტმფრენების დაგვიანების მიზეზი, მან უპასუხა: „არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც, გააჩნია სამობილიზაციო პერიოდი. შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე".

ქარსელაძე აცხადებს, რომ ვერტმფრენს არ დაუგვიანია. „არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო, ერთი. დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება", - აღნიშნა მან.

ვერტმფრენების დაგვიანების თემაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა: „ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა [3 აგვისტოს] 15:10-ზე, დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართულობა. მოგეხსენებათ, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. გარდა ამისა, ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცა მფრინავების მართლაც რომ გმირობის ფასად, შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ ევაკუაცია მოსახლეობის".

თემურ მღებრიშვილის თქმით, რთული რელიეფის გათვალისწინებით, სტიქიის არეალში ღამით ვერტმფრენი იმაზე მეტ საქმეს ვერ გააკეთებს, ვიდრე - მეხანძრე-მაშველები.

„რაც შეეხება ვერტმფრენების ასეთ პერიოდში გამოყენებას, დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა. ეს იქნებოდა ძალიან არასწორი, რა თქმა უნდა, არაგამართლებული უსაფრთხოების მიზნით. რამეთუ იმაზე მეტ საქმეს, რასაც ადგილზე მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს, გამომდინარე რთული რელიეფიდან", - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ ონის მერის მოადგილე ამბობს, რომ შოვიდან მოსახლეობის ვერტმფრენით ევაკუაცია იწყება

3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენებმა დაღამების გამო სტიქიის ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს. როგორც მღებრიშვილმა თქვა, 4 აგვისტოს ორი ვერტმფრენი დაემატება სამუშაოებს.

ასევე ნახეთ დაღამების გამო ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. მდინარე ბუმბურის ადიდების შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად, მეწყერი ჩამოწვა.

მაშველებმა დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს.

ასევე ნახეთ ქარსელაძის თქმით, 6 ადამიანი, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, უკვე უსაფრთხოდ არის

40-ზე მეტ მოქალაქესთან კავშირი კვლავ გაწყვეტილია. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, 150-მდე ადამიანი გადაყვანილია სტიქიის ზონასთან, უსაფრთხო ადგილზე, მაშველებთან და პოლიციასთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე ნახეთ შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს ყიდულობს
ასევე ნახეთ საბჭოთა MИ-8-ს გარდა რა ვერტმფრენები გვყავს სამაშველო ოპერაციებისთვის