შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა რაჭაში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის გამო მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ. როგორც მღებრიშვილი აცხადებს, ამჟამად 50-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. „მთელი ღამის განმავლობაში ვეცდები ამ ინფორმაციის გადამოწმებას, გაფილტვრას და, შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას", - აღნიშნა მან.
თემურ მღებრიშვილის განცხადებით, 150-მდე ადამიანი გადაყვანილია სტიქიის ზონასთან, უსაფრთხო ადგილზე, მაშველებთან და პოლიციასთან ერთად.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება, შესაძლოა, მათ რიცხვში იყვნენ. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გადავამოწმებთ ინფორმაციას. თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, მოვუწოდებ, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე: 598 91 30 89 ან 112-ზე", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.
როგორც მღებრიშვილი ამბობს, 4 აგვისტოს დაგეგმილია იმ დარჩენილი ადამიანების გადმოყვანა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.
„თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, დილის 06:00 საათიდან დავიწყებთ ვერტმფრენით ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანას", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მანვე დაამატა, რომ დამატებითი ძალების ან ტექნიკის მობილიზების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.
ასევე ნახეთ დაღამების გამო ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერესშსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი ვერტმფრენი.
მაშველებმა დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს.
რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. მდინარის ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.