ბათუმის ნავსადგურში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის ორივე მოქალაქის სასამართლო პროცესები გადაიდო. ისინი ამჟამად თავისუფლები არიან.
მარინა ჩობანიანის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 აგვისტოსთვის გადაიტანა.გამოძიება ჩობანიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავება. თავად ჩობანიანი თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციაზე გზის სავალ ნაწილზე ყოფნისას დააკავეს, როცა ტელეფონზე ლაპარაკობდა.
მარინა ჩობანიანი 31 ივლისს დააკავეს აქციაზე, რომელიც გაიმართა ბათუმის ნავსადგურში იმ საკრუიზო ლაინერის შემოსვლის წინააღმდეგ, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. იგი 24 საათზე მეტი ხნით ოზურგეთის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა. ამის შემდეგ გარკვეული დროით იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ ბათუმში დაკავებული უკრაინის მოქალაქე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილიაქციაზე დაკავებული უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის, დმიტრო ზერვესკის სასამართლო პროცესიც 7 აგვისტოს დაინიშნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 აგვისტოს დანიშნული პროცესი გადადო.
ორივე დაკავებულის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე აცხადებს, რომ მარინა ჩობანიანის პროცესი მათივე თხოვნით გადადეს, რადგან ვერ მოასწრეს მასალების გაცნობა. მისივე თქმით, საქმეში ვიდეოს ამსახველი დისკი დევს: „დღეს გადმოიყვანეს ოზურგეთის იზოლატორიდან, არ ეტყობა დაზიანებები, თუმცა აქვს შიდა დაბეჟილობა, როგორც თავად აცხადებს. იგივე ბრალდებით დაკავებულია მეორე მოქალაქეც. მას არ აღენიშნება დაზიანებები სხეულზე და არ საუბრობს ძალის გადამეტებაზე პოლიციის მხრიდან, თუმცა აცხადებს, რომ ის არაფერს აკეთებდა და არ არსებობდა საფუძველი მისი დაკავების“, - საია-ს წარმომადგენელი აქციაზე დაკავებულ ექვს პირს იცავს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 31 ივლისს, სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერის ჩასვლის საწინააღმდეგო აქციაზე.
საგამოძიებო სამსახურის ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული განცხადებების საფუძველზე.
ასევე ნახეთ ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბათუმში დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა.
31 ივლისს სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!".
ასევე ნახეთ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვასაკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.
პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.
ასევე ნახეთ არის თუ არა ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი