არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მხრიდან ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ქვეყანას აქვს მცირე პროგრესი ამ კუთხით. ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ კვლავ სრულად შეუსრულებელია ორი პირობა - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით:
- სრულად არის შესრულებული - 1 პირობა;
- მეტწილად შესრულებულია - 2 პირობა;
- ნაწილობრივ შესრულებულია - 7 პირობა;
- შესასრულებელია - 2 პირობა.
"20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა", - აცხადებენ ორგანიზაციები.
ერთობლივი შეფასება მოამზადეს: "ღია საზოგადოების ფონდმა", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა", "სასამართლოს გუშაგმა", "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა", "საქართველოს რეფორმების ასოციაციამ", ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "საფარმა".
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი: 12 რეკომენდაციიდან 3 უკვე შესრულებულია
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.