საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 უკვე შეასრულა. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ", დასრულების შემდეგ.
"დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია. არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის, შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის...
ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
დამატებით, რეკომენდაციების შესრულებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა:
"რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით ჩვენ, ამაში რა იგულისხმება. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა".
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.