გამოიძიებენ, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში

ბათუმი, 31 ივლისი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 31 ივლისს, სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერის ჩასვლის საწინააღმდეგო აქციაზე. ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო", - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული განცხადებების საფუძველზე.

ასევე ნახეთ ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბათუმში დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს 

გუშინ, 31 ივლისს, სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!".

ასევე ნახეთ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვა

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის მინიმუმ ერთი არის უკრაინის მოქალაქე.

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.