შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოგა რაზმაძე ფეისბუკზე წერს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა მისი საქმის გამოძიებაზე - გოგა რაზმაძემ 11 ივლისს საჯაროდ ილაპარაკა უწყების მაღალჩინოსნების და გენერალური ინსპექციის მხრიდან მის მიმართ ღირსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობაზე.
გოგა რაზმაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც პოლიციელების მხრიდან დარღვევების გამოძიებისთვის შექმნილი უწყებაა, საჯაროდაც მოუწოდა, დაინტერესებულიყო მისი საქმით და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან უწყებას 14 ივლისს წერილობითაც მიმართა. გოგა რაზმაძე მიიჩნევს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ თავის პოსტში იყო გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულების შესახებ.
"განცხადების შეტანიდან 4 დღის შემდეგ, 2023 წლის 18 ივლისს ტელეფონით დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი და მთხოვა საგამოძიებო ორგანოში მისვლა. 19 ივლისს, დილის საათებში ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი საგამოძიებო ორგანოში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებისას, სამსახურის წარმომადგენლისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ამ ფაქტზე არ იყო დაწყებული და ჩემი დაბარების მიზეზი იყო ჩემთან გასაუბრება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ოქმით.
ვინაიდან გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას არ იცნობს/არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ასეთ წესს ითვალისწინებდა ძველი კანონმდებლობა), ცხადია უარი განვაცხადე წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე და სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემს მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რომლის შემდგომ ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან. ანუ, მოვითხოვე პროცესის ისე წარმართვა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა", - წერს გოგა რაზმაძე. მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან პასუხი წერილობით 27 ივლისს მიიღო.
ამ წერილში გამოძიების არდაწყების მიზეზად დასახელებულია ის, რომ მან არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება, მის მიერ გავრცელებული განცხადება არ მოიცავდა დანაშაულის ნიშნებს და რომ გოგა რაზმაძის საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ანუ იმ უწყებაში, სადაც გოგა რაზმაძის მტკიცებით, მას მოექცნენ ღირსების შემლახავად და დამამცირებლად.
გოგა რაზმაძის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხი გამოძიების არდაწყების ფაქტზე "კრიტიკას ვერ უძლებს."
"[გოგა რაზმაძის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის დაწერილი] განცხადებიდან ნათლად იკითხებოდა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში პირადი გასაუბრების დროს, რომელიც უწყვეტად 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, დავით მინდიაშვილმა, მას შეუქმნა მტრული და დამთრგუნველი გარემო, რომელიც, ამავდროულად, შეურაცხმყოფელი იყო.
განცხადების თანახმად, დავით მინდიაშვილს შეხვედრის პირველივე წუთიდან ჰქონდა დამამცირებელი დამოკიდებულება. გასაუბრების დასრულებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, გოგა რაზმაძემ დავით მინდიაშვილს განუმარტა, რომ ამგვარ გარემოში საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა და სურდა გასაუბრების შეწყვეტა, რაზეც დავით მინდიაშვილის პასუხი იყო ის, რომ ვერსად წავიდოდა, რადგან მოცემულ მომენტში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
აღნიშნული პირი დაჟინებით ითხოვდა, გოგა რაზმაძეს დაეწერა ახსნა-განმარტება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. დავით მინდიაშვილმა მუქარა გაიმეორა რამდენჯერმე. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მხრიდან განხორციელებულმა დამამცირებელმა მოპყრობამ, პატივისა და ღირსების შელახვამ და იძულებამ, გოგა რაზმაძეს მიაყენა ფსიქოლოგიური და მორალური ტკივილი", - წერს საია და კვლავ მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება.
ასევე ნახეთ როგორ ამხილა მოქმედმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიგოგა რაზმაძის მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და უწყების მაღალჩინოსნების საჯარო მხილება უპრეცედენტო შემთხვევაა - როცა მოქმედი თანამშრომელი ლაპარაკობს სისტემის პრობლემებზე. მის განცხადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც გოგა რაზმაძის მხრიდან ბრალდებებს "სიცრუე და სრული ტყუილი" უწოდა.
ასევე ნახეთ რატომ ტოვებენ სამსახურს პოლიციელები? - შსს ახალ თანამშრომლებს ეძებსრადიო თავისუფლება დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.