უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ქალაქ ოდესისა და ოდესის ოლქის მორიგ დაბომბვაზე, რომელიც 23 ივლისს, ღამით განხორციელდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დარტყმას აუცილებლად მოჰყვება პასუხი და ის იქნება საგრძნობი.
„რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ... რუსულ ბოროტებას არანაირი გამართლება არ აქვს. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება დამარცხდება. ოდესის გამო აუცილებლად ვუპასუხებთ რუს ტერორისტებს. ისინი იგრძნობენ ამ პასუხს. ყველას, ვინც ამ უკანასკნელი ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ. ჩვენ დავიბრუნებთ მშვიდობას. ამისთვის რუსული ბოროტების დამარცხებაა საჭირო“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში.
რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე 23 ივლისს, ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
ასევე ნახეთ ოდესის დაბომბვისას ჭურვი მოხვდა ფერისცვალების ტაძარს