Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის დაბომბვისას ჭურვი მოხვდა ფერისცვალების ტაძარს


23 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.

რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.

გამოცემა "დუმსკაია" წერს, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერისცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.

პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში და არ გამოექვეყნებინათ ფოტოები სოციალურ ქსელებში.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებებსა და ხანძრებზე.

რუსეთს დაბომბვის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ოდესის ფერისცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. იგი აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა.

სარესტავრაციო სამუშაოები წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად, შემოწირულებებით. 2010 წელს, როდესაც ოდესის ეპარქიას გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.

ოდესაზე და მის შემოგარენზე თავდასხმები გაძლიერდა 17 ივლისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. შეთანხმება უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს. მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც მზად იყო გადასაზიდად.

კრემლი ამტკიცებს, რომ ოდესის რეგიონს უტევს 17 ივლისს, ღამით, ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის გამო.

XS
SM
MD
LG