პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკა „ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის გამოეხმაურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანის საქმეს და თქვა, რომ ამით ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა პროცესის მიმართ. პრემიერი აცხადებს, რომ ინციდენტის გამო საქართველოს მთავრობა გადახედავს პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს.
„საერთოდ გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა. მანამდე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თქვეს, რომ კონფიდენციალური იყო, შემდეგ თავად გაავრცელეს ინფორმაცია. სამარცხვინო ფაქტი მოხდა - მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. თავადვე მოახდინეს მათ დისკრედიტაცია მთლიანად ამ პროცესის. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა, ამის მიუხედავად, ჩვენ თვალი დავხუჭეთ. ასევე მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე კომენტარი, რომ პოლონეთში ახლა არის პოლიტიკური კამპანია და როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში და იყენებენ ამ საკითხს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის რეალობა. ჩვენ, მე პირადად და ჩვენმა მთავრობამ ჟესტი გამოვხატეთ ამით. მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან იყო არაორდინალური ქცევა დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, ოჯახის მიმართ, ხაზს ვუსვამ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ, ის გაუკეთონ“, - განაცხადა პრემიერმა.
ასევე ნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება.
მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.