Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს


კადრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
კადრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკა "ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა უცვლელად გაგრძელდება.

"თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას", - წერია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გავრცელება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს:

"პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე".

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

XS
SM
MD
LG