რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მასირებული შეტევა ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
გასულ ორ დღეში მეორე სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ოდესაზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავი ზღვიდან ოდესაზე იერიში მიიტანა ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“ და Х-22. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის პირველიდან სამ საათამდე ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.
უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, საჰაერო განგაშის გაუქმების შემდეგ, ოდესაში ისევ ისმოდა აფეთქებების ხმა. ამ წყაროების თანახმად, ხანძრის შედეგად დეტონაცია დაიწყო პიროტექნიკის საწყობში.
ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავდასხმისას დრონებთან ერთად რაკეტებიც გამოიყენაგასულ ღამით და გამთენიისას დრონებით შეტევა იყო უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს. მათი რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
კიევის და ოდესის გარდა, საჰაერო განგაში გამოაცხადეს ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასკის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქებში.
18 ივლისს, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე დრონებით და რაკეტებით შეტევის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „შურისგების ოპერაცია" და მაღალი სიზუსტის საზღვაო ბაზირების იარაღით დაარტყეს ობიექტებს, სადაც მზადდებოდა „რუსეთის საწინააღმდეგო ტერაქტები უეკიპაჟო კატერების გამოყენებით".