რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე წუხანდელი თავდასხმისას უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად გამოიყენა რაკეტები „კალიბრი“. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობა იუწყება.
უკრაინელი სამხედროების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესას ესროლეს 6 „კალიბრი“. სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსივე რაკეტა გაანადგურეს, თუმცა აფეთქების ტალღამ და რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა და რამდენიმე სახლი. დაიჭრა 1 ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობითვე, ირანული წარმოების 21 დრონი გაანადგურეს ოდესის ოლქში და 4 - ნიკოლაევის ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად, ნიკოლაევში დაიწვა ერთ-ერთი საწარმო.
თავდასხმის გამო ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებში ღამის პირველი საათის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.