ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს.
ევროპარლამენტარებმა ანგარიში ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დღეს დაამტკიცეს. დოკუმენტში, რომელშიც ლუკაშენკა დიქტატორად იხსენიება, საუბარია ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და ბელარუსის როლზე უკრაინის ომში.
ევროპარლამენტარები თვლიან, რომ ბელარუსი რუსეთს ეხმარება უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაში. შესაბამისად, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ, რომ გაფართოვდეს იმ პირთა სია, ვინც ომის პარალელურად უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცების პროცესშია ჩართული, რათა მათი სამართლებრივი დევნა მოხდეს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის ორგანიზებისთვის 2023 წლის მარტში გამოსცა.
ბელარუსის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ლაპარაკია იმაზეც, რომ ქვეყანა უფრო და უფრო მჭიდროდ დამოკიდებული ხდება რუსეთზე და მნიშვნელოვანია ამ ფონზე ადგილობრივი დემოკრატიული აქტორების გაძლიერება და მხარდაჭერა.
ლუკაშენკას რეპრესიების შედეგად ბელარუსის ციხეებში ამ დრომდე სასჯელს იხდის 1 500-მდე პოლიტიკური პატიმარი, 300 000-მდე მოქალაქე კი ემიგრაციაშია წასული.
ევროპარლამენტის ანგარიშში როგორც ბელარუსისთვის, ისე უკრაინისთვის საფრთხედ არის მიჩნეული "ვაგნერის" ჯგუფის მებრძოლების ჩასვლა ბელარუსში.
ბელარუსის შესახებ ანგარიშს საგარეო საქმეთა კომიტეტზე მხარი დაუჭირა 49 პარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 3-მა, 2-ს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. პლენარულ სხდომაზე მას, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილავენ.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა საქართველოზე: გაძღნენ დასავლური დაპირებებით და ჩვენს ბაზარზე დაბრუნება სურთ