მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი: მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დაყოფა ქმნის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს

აჯაი ბანგა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა აჯაი ბანგამ "დიდი ოცეულის" (G20) ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მზარდი დაყოფა ქმნის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს განვითარების პროცესში მყოფი სახელმწიფოებისთვის.

ბევრი ქვეყანა კვლავაც ებრძვის კორონავირუსითა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ორმაგ დარტყმას საწვავისა და სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდაზე, ხოლო კლიმატის ცვლილება ყველაზე მტკივნეულად აისახება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ნაწილზე.

G20-ის შეხვედრის ფონია რუსეთის მხრიდან ორშაბათს გამოცხადებული უარი უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაზე. გაეროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილებისთვის მძიმე საფასურს მსოფლიოში მილიონობით უღარიბესი ადამიანი გადაიხდის.

ასევე ნახეთ აშშ და ევროპა რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სურსათის იარაღად გამოყენება