აშშ რუსეთის მთავრობას მიმართავს, შეცვალოს გადაწყვეტილება „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტის შესახებ, მოლაპარაკება განაახლოს და დაუყოვნებლივ გააგრძელოს და გააფართოოს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ უკრაინულ ხორბალზე დამოკიდებული მილიონობით ადამიანის საკეთილდღეოდ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ 17 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბლინკენის თანახმად, რუსეთის მთავრობის მიერ სურსათის იარაღად გადაქცევა მთელ მსოფლიოში აზარალებს რთულ მდგომარეობაში მყოფ მილიონობით ადამიანს. სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად, 2022 წლის აგვისტოდან მსოფლიოში გაიგზავნა 32 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და საკვები პროდუქტები, მათ შორის აფრიკის და აზიის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში.
ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის ბრალდება, რომ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს რუსეთიდან სურსათის და სასუქების ექსპორტზე. იგივე გაიმეორა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 17 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას. ბერბოკის განცხადებით, ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი თეთრზე შავს ამბობს და ხორბალს იარაღად იყენებს, მკაფიოდ აჩვენებს მის მიერ წარმოებული ომის სისასტიკეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს მიმართა, დაუყოვნებლივ განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება. ამასთან, ბერბოკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს პუტინის თანხმობის იმედი არ უნდა ჰქონდეს და თავად უნდა იზრუნოს უკრაინიდან ხორბლის სახმელეთო გზით გატანაზე.
გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის ცალმხრივად გასვლა ნიშნავს, რომ მან ეკონომიკური აგრესია განაახლა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების წინააღმდეგ.
17 ივლისს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწვევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.
რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს ყველაფერი შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.
- უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
- გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
- შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა.