Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს ელაპარაკა „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნებაზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ოდესის პორტში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ოდესის პორტში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს ელაპარაკა „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების აუცილებლობაზე. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა და რუსეთმა მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

წუხელ, გუტერეშთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოების და შავი ზღვით პროდუქტის გატანის აღსადგენად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს იარაღად გამოიყენოს შიმშილი და დესტაბილიზაცია გლობალურ სასურსათო ბაზარზე.

ზელენსკის თქმით, „ტერორისტი სახელმწიფო“ საფრთხის ქვეშ აყენებს 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე. პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, განსაკუთრებულად კრიტიკული სიტუაციაა სომალიში, ეთიოპიაში, სამხრეთ სუდანსა და იემენში.

17 ივლისს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.

შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწევევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.

რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს ყველაფერი შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.

  • უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
  • გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
  • შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG