უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის გარეშე გააგრძელოს "მარცვლეულის შეთანხმება" და შესაბამის სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს - გაეროსა და თურქეთს.
"ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; კიდევ ერთი შეთანხმება – რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს, ის არღვევს შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივანთან გუტერეშთან და პრეზიდენტ ერდოანთან. და არა ჩვენთან, რადგან მათთან არანაირი შეთანხმება ჩვენ არ გვქონია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა აფრიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.
ერთი წლის წინ გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმება“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორბლით აფრიკისა და აზიის ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების მომარაგებისთვის.
კრემლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინთან აპირებს მოლაპარაკებას. „მჯერა, რომ პუტინს სურს, რომ ჰუმანიტარულმა დერეფანმა გააგრძელოს ფუნქციონირება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
- უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
- გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
- შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და ამჯერად დღეს, 2023 წლის 17 ივლისს იწურება.