„ყირიმის ხიდის აფეთქებას პასუხი მოჰყვება“- ვლადიმირ პუტინი

დაზიანებული ყირიმის ხიდი. 17 ივლისი, 2023 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს საღამოს შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სამინისტროსა და ყირიმის ხიდის მიმდებარე რეგიონების ხელმძღვანელებთან. მან ყირიმის ხიდზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთი მას უპასუხებს. შესაბამის წინადადებებს, როგორც პუტინმა დასძინა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს.

პუტინმა ყირიმის ხიდზე თავდასხმას არა მხოლოდ სასტიკი, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც უაზრო უწოდა და აღნიშნა, რომ ხიდი დიდი ხანია, არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა, რომელიც ყირიმის საკითხებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ ხიდის ერთ-ერთი კამარა მთლიანად განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია, მეორე კი დაზიანებულია. საყრდენები თითქმის არ დაზიანებულა. მან პირობა დადო, რომ ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც გამაგრებას მოითხოვს, ორშაბათს შუაღამისას შეკეთდება, რის შემდეგაც სამგზავრო მანქანებისთვის, რევერსულ რეჟიმში, შესაძლებელი იქნება ხიდზე საავტომობილო მოძრაობის დაწყება.

მისივე თქმით, ამ მონაკვეთზე ასევე დაგეგმილია დროებითი, დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის ხიდის აშენება. იმავდროულად, მანქანების მფლობელებს სთავაზობენ ალტერნატიულ მარშრუტს "ახალი რეგიონების" გავლით - მინისტრმა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის რეგიონები იგულისხმა.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის“ მოწყობაში

ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ კრასნოდარის ტერიტორიასა და ყირიმს შორის მოქმედებს საბორნე გადასასვლელი, რომელსაც დღეში 450 მანქანის ტრანსპორტირება შეუძლია.

  • რუსეთის ინფორმაციით, 17 ივლისს ყირიმის ხიდზე „ორი უკრაინული წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის" შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი და 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.
  • უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა" წერენ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი წყაროს ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ ხიდამდე მიღწევა რთული იყო, ეს შეძლეს.