რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა დაადასტურა მანამდე უკრაინული წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ წუხელ ყირიმის ხიდზე დრონებით შეტევა იყო. ეს საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან.
ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის" შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი და 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის" მუხლით. ამ უწყების საიტზე ნათქვამია, რომ გამოძიება დაადგენს „პირებს უკრაინის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ფორმირებებიდან, რომლებსაც კავშირი აქვთ დანაშაულის ორგანიზებასა და შესრულებასთან".
ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამ-არხზე გამთენიისას გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია „საგანგებო შემთხვევის" გამო. რა შემთხვევა იყო ეს, აქსიონოვი არ აკონკრეტებდა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ხიდზე აფეთქება მოხდა. მოგვიანებით, რუსული წყაროებით ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა ხიდზე, ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და დაშავდა მათი არასრულწლოვანი შვილი.
უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „წყალზედა დრონები“ გამოიყენეს.
2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.
- უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
- 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
- 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
- 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.