რუსეთი ამ დრომდე არ ამბობს, რა მოხდა ყირიმის ხიდზე

ყირიმის ხიდზე მიმოსვლა 2023 წლის 17 ივლისს შეჩერდა

რუსეთის მთავრობა ამ დრომდე არ ამბობს, რა მოხდა ქერჩის სრუტეზე გამავალ ყირიმის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, გამთენიისას ხიდზე აფეთქება იყო.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს ხიდის საყრდენების დაზიანების შესახებ. სამინისტროს ოფიციალური, მოკლე ინფორმაციის თანახმად, „ყირიმის რესპუბლიკის მხრიდან დაზიანებულია საგზაო ვაკისი“.

ამასთან, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ირწმუნებოდა, რომ „საგანგებო შემთხვევა" მოხდა არა ყირიმის, არამედ „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში". საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.

რუსეთის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე დაიღუპა ბელგოროდელი ცოლ-ქმარი და დაშავდა მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი. ოჯახი ავტომობილით მოძრაობდა.

ასევე ნახეთ რუსეთი ადასტურებს ყირიმის ხიდზე 2 ადამიანის სიკვდილს

2023 წლის 10 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ „წარუმატებლად“ სცადა ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევა.

2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.

  • უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
  • 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
  • 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
  • 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.