რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი შვილი კი, დაშავდა. მანამდე რუსული ტელეგრამ-არხები Baza და Shot-ი წერდნენ, რომ დაღუპულია ბელგოროდელი ცოლ-ქმარი და მძიმედ დაშავდა მათი 14 წლის ქალიშვილი.
2 ადამიანის სიკვდილს და 1-ის დაშავებას ადასტურებს რუსეთის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამსახურიც. მისი ინფორმაციით, ბავშვს, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს, „სანიტარიული ავიაციით“ კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანენ.
რა მოხდა ყირიმის ხიდზე, ამ დრომდე გაურკვეველია. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია „საგანგებო შემთხვევის“ გამო და ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ ხიდზე აფეთქება იყო. ქერჩის სრუტეზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან.
2023 წლის 10 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ „წარუმატებლად“ სცადა ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევა.
2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.
- უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
- 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
- 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
- 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.