პარალიზებულია ქერჩის სრუტეზე მდებარე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ამ ანექსირებულ რეგიონს აკავშირებს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან. მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია, რადგან „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში მოხდა საგანგებო შემთხვევა“. აქსიონოვი არ აკონკრეტებს, რა „საგანგებო შემთხვევაზეა“ საუბარი. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის თანახმად, ადგილზე „მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები და ყველა შესაბამისი სამსახური“.
რუსული ტელეგრამ არხი „ბაზა“ წერს, რომ ხიდის მალის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 1 დაშავდა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყირიმის ხიდთან, კრასნოდარის მხარეს, ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგია.
ასევე ნახეთ რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ შეტევა სცადა ქერჩის ხიდსა და სამხედრო აეროდრომებზე2023 წლის 10 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ „წარუმატებლად“ სცადა ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევა.
2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.
ასევე ნახეთ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარმატება უწოდა ყირიმის ხიდზე შარშანდელ შეტევასუკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ. ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა. 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.