უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 500 დღის შესახებ გაკეთებულ ქრონიკაში, წარმატებული ოპერაცია უწოდა გასული წლის ოქტომბერში ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმას.
"273-ე დღეა, რაც ყირიმის ხიდს პირველი დარტყმა მივაყენეთ, რათა გაგვეტეხა რუსების ლოგისტიკა", - წერს მალიარი ტელეგრამის გვერდზე.
მისი პუბლიკაცია შაბათს გამოჩნდა, მაგრამ რუსულმა მედიამ ყურადღება მასზე კვირას დილით გაამახვილა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა დაასკვნეს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე აფეთქება კიევის ორგანიზებით მოხდა.
ანა მალიარის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც უკრაინის მთავრობას „ტერორისტული რეჟიმი“ უწოდა. "ახლა ისინი შეუდგნენ „თავის გადარჩენის“ გეგმის განხორციელებას - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური დაზიანება დაიწყეს", - წერს ზახაროვა.
- ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა 8 ოქტომბერს, დილით. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
- 17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის სამ მოქალაქეს: ალექსანდრ ბილინს, ოლეგ ანტიპოვსა და დმიტრი ტიაჟელიხს, რომლებსაც წაყენებული ჰქონდათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება.
- რუსეთის ხელისუფლება აფეთქების ორგანიზატორად უკრაინის სპეცსამსახურებს მიიჩნევდა. კიევმა უარყო აფეთქებასთან კავშირი. ამავე დროს, მაისში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა თქვა, რომ სპეცსამსახური იღებდა გარკვეულ ზომებს ამ ლოგისტიკური გზის გადასაჭრელად.