საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამარცხვინოს და შემაშფოთებელს უწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სავარაუდოდ ნიმუშების მალულად გატანის მცდელობას.
„სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ“, - თქვა ღარიბაშვილმა 15 ივლისს.
მისივე მტკიცებით, ექიმების ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და რა განზრახვა ჰქონდათ მათ, ამას დრო აჩვენებს.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვება მისი კეთილი ნება იყო.
„ჩვენ აღარვის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს იყო ჩვენგან ერთგვარი ჟესტი. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ზედმეტია ასეთი აქტიურობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
12 ივლისს პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ ბრეგაძე: პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით მალულად გატანას ცდილობდა14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც, მისივე განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.