ლავროვი: აშშ და მისი ნატოელი სატელიტები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეტაკების რისკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთი დასავლეთის მიერ ბირთვული საფრთხის შექმნად აფასებს აშშ-ის განზრახვას, უკრაინას გადასცეს ავიაგამანადგურებლები F-16. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა გამოცემა „ლენტასთან" ინტერვიუში, რომელიც 12 ივლისს, ღამით, გამოქვეყნდა.

შეკითხვას, როგორ უყურებს რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებას, ლავროვმა უპასუხა, რომ ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრიათ და ამოწურულიც იქნებოდა, რომ არა დასავლეთის ქმედებები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, მიუთითოს სტრატეგიული ხასიათის რისკებზე. ლავროვის განცხადებით, „აშშ და მისი ნატოელი სატელიტები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს და ამას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მოვლენების უკიდურესად საშიში განვითარების“ მაგალითად მოიყვანა აშშ-ის გეგმა, უკრაინას გადასცეს ავიაგამანადგურებლები F-16, რომლებსაც ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლიათ. ლავროვის თქმით, ბირთვულ სახელმწიფოებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს - აცნობეს, რომ რუსეთს ამის იგნორირება არ შეუძლია და არანაირი დარწმუნება არ გაჭრის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საბრძოლო მოქმედებებისას რუსი სამხედროები არ დაიწყებენ იმის გარკვევას, აღჭურვილია თუ არა ამ ტიპის ყოველი კონკრეტული თვითმფრინავი ბირთვული იარაღის გადასატანად. როგორც ლავროვი ამბობს, თავად ფაქტს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსგავსი სისტემები გამოჩნდება, რუსეთი განიხილავს „დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში საფრთხედ“.

ასევე ნახეთ უკრაინა 11 ქვეყანასთან ერთად ქმნის კოალიციას, უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელად

2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ თანახმაა, უკრაინას გადაეცეს ავიაგამანადგურებლები F-16.

11 ივლისს ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინამ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც F-16-ის სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადებას ეხება.

ასევე ნახეთ რას და როდის შეცვლის უკრაინის ცაზე ამერიკული „მებრძოლი შევარდნების“ გამოჩენა?