"NATO უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, უკრაინა NATO-ს გააძლიერებს" - ზელენსკიმ ვილნიუსში უკრაინის მხარდამჭერ აქციას მიმართა

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აქციაზე შეკრებილებს და მათ უკრაინულად მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს სამიტზე გამოსვლამდე, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აქციაზე შეკრებილებს და მათ უკრაინულად მიმართა.

"NATO უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, უკრაინა კი NATO-ს კიდევ უფრო ძლიერს გახდის", - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ რომ მას სჯერა ნატოსი, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არ იხევს უკან აგრესორთან.

"მე აქ ჩამოვედი რწმენით, რომ მივაღწევთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ვიმსახურებთ, რასაც იმსახურებენ ჩვენი მოქალაქეები, მებრძოლები, ყველა დედა და ყველა ბავშვი. განა ეს შეუძლებელია?" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა აქციაზე გამოსვლისას და მადლობა გადაუხადა ლიეტუველებს უკრაინელი დევნილების შეფარებისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ზელენსკი აქციაზე, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს, ცოლთან ერთად მივიდა. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე აღმართეს ქალაქ ბახმუტიდან ჩამოტანილი უკრაინის დროშა და შეასრულეს უკრაინის ჰიმნი.

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია. სამიტის წინ კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ იგი ალიანსის წევრი გახდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ომის პირობებში მის ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

ასევე ნახეთ უკრაინის მომავალი ნატოშია, მაგრამ ალიანსში მოვიწვევთ მაშინ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან - სტოლტენბერგი