Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მომავალი ნატოშია, მაგრამ ალიანსში მოვიწვევთ მაშინ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ვილნიუსში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, გაიმართა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ბრიფინგი, რომელზეც მან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„შევთანხმდით, რომ უკრაინას ალიანსში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა და დაადასტურა, რომ უკრაინის შემთხვევაში მოხსნილია "მაპის" საჭიროების საკითხი, რაც ნიშნავს გაწევრიანების ორსაფეხურიანი პროცესის ერთსაფეხურიანით შეცვლას.

NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უზრუნველყოფს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის მიწოდებას, რაც მას დაეხმარება გაწევრიანებამდე, თუმცა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ომის დასრულება.

სტოლტენბერგის თანახმად, შეიქმნება NATO-უკრაინის ახალი საბჭო, რომელზეც ალიანსი და უკრაინა თანაბარი უფლებებით შეიკრიბებიან. პირველი ასეთი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ხვალ გაიმართება.

სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე გარკვეულწილად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში წასვლამდე გაკეთებულ გაცხადებასაც, რომელშიც იგი უკმაყოფილებას გამოხატავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო და "აბსურდს" უწოდებდა იმას, რომ არ არის განსაზღვრული უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული დრო.

"თუ გადავხედავთ NATO-ში ნებისმიერი წევრის მიღების პროცესს, ეს დამოკიდებული არათუ ვადებზე, არამედ იმ პირობებზე, რომლებსაც ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხად.

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია.

სამიტის წინ, კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ იგი ალიანსის წევრი გახდება.

XS
SM
MD
LG