Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ნატოელ პარტნიორებს აკრიტიკებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე მსჯელობის გამო


ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ვილნიუსში მიემგზავრება ნატოს სამიტზე დასასწრებად, უკმაყოფილოა გავრცელებული ცნობებით, რომ სამიტის კულუარებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ ფორმულირებებს უკრაინის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აფასებს თავის მოკავშირეებს, საერთო უსაფრთხოებას და ღია საუბარს, ამიტომ ნატოს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს უკრაინაც.

„ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს ნატოში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ. ზელენსკის განცხადებით, როგორც ჩანს, არ არსებობს არც ნატოში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ილაპარაკებს.

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია.

სამიტის წინ, კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.

XS
SM
MD
LG