ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ზურაბ საღინაძე განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. კიდევ ორ ბრალდებულს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მათგან ერთი - 17 წლის არასრულწლოვანია. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების თანახმად, 4 ივლისს ბათუმის სანაპიროდან ოთხი არასრულწლოვანი ტივტვა ბანანით შეიყვანეს ზღვაში და სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დატოვეს. 16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, მეთევზეებმა შემთხვევით იპოვეს 7 ივლისს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მომხადრის შესახებ ისაუბრა.
„ბრალდებულებმა ეს მოზარდები პირსის ტერიტორიაზე სანაპიროდან აიყვანეს. მათ სჭირდებოდათ ტექნიკური დახმარება, რომ გაესწორებინათ ეს ტივტივა ბანანი და მიეყვანათ კატერამდე. შემდეგ გარდაცვლილი მოზარდისა და მისი მეგობრების დახმარებით მიიყვანეს, ეს ბანანი კატერამდე. სანაცვლოდ ბრალდებულები ბავშვებს დაჰპირდნენ, რომ გაასეირნებდნენ და დააბრუნებდნენ უკან“, - პროკურორის თორნიკე გოგეშვილის სიტყვებით, ტივტივა ბანანი ზღვაში დაახლოებით 30-40 მეტრის სიღრმეში შეიყვანეს და კატერს ჩააბეს.
ასევე ნახეთ ბათუმში იპოვეს ზღვაში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი„რის შემდეგაც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა განიზრახა ბავშვები წყალში გადაეგდო და რამდენიმე მკვეთრი მანერით სცადა აღნიშნულის განხორციელება. ბოლო მცდელობით კი ბრალდებულმა ეს მოახერხა. ჩავარდნენ ბავშვები ზღვაში, მათ თან არ ჰქონდათ ჟილეტები, რომლითაც მოახერხებდნენ უსაფრთხოდ გასვლას ნაპირზე. ერთ-ერთმა მოზარდმა მოახერხა ჟილეტის აღება. თუმცა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა წაართვა ეს ჟილეტი. თანაბრალდებულები ცდილობდნენ დახმარებოდნენ ბავშვებს, თუმცა მესამე ბრალდებულმა მათ ამის საშუალება არ მისცა და სამივემ დატოვა ტერიტორია. სამმა მოზარდმა მოახერხა გასვლა უსაფრთხო ადგილზე და ერთმა ვერ მოახერხა და დაიხრჩო" , - პროკურორის თორნიკე გოგეშვილის თქმით ზღვაში გასული ბავშვები ერთმანეთს კარგად არ იცნობდნენ.
„გარდაცვლილთან მათ მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონდათ იქ გაიცნეს სანაპიროზე",- პროკურორის თქმითვე ბრალდებულის მოტივი იყო გადაეგდო მოზარდები და მალე გაეთავისუფლებინა გასართობი ბანანი ბავშვებისაგან.
„ამ დროს და ამის შემდეგ (განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის) მიერ განხორციელებული მოქმედებები ცხადყოფს, რომ ის შეგნებულად უშვებდა და ითვალისწინებდა მისი მოქმედებების სასიკვდილო შედეგებს, რაც ერთი მოზარდის შემთხვევაში დადგა კიდეც",- პროკურორის თქმითვე არაერთი უტყუარი გარემოებაა საქმეში, რაც მიუთითებს, რომ პირი ამ შედეგის დადგომას უშვებდა.
„სანაპიროდან დაშორებული, შორი მანძილი სადაც ბავშვები ჩამოყარეს; დამცავი ჟილეტები არც ერთს არ ჰქონდა და ვინც მოახერხა აღება მას წაართვა ბრალდებულმა. ბრალდებულმა არ იცოდა ბავშვების ცურვის შესაძლებლობა",- - ამბობს თორნიკე გოგეშვილი.
სასამართლოს სხდომა მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან ბრალდებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.