„სევდიანი დღე თბილისში. დაირღვა კანონი“ - გერმანიის ელჩი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ეხმაურება

პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი ტვიტერზე.

„მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ „პრაიდ ფესტივალი“, უსაფრთხოების რისკების გამო დღეს ვერ გაგრძელდა, მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა“, - წერს ტვიტერზე მააიკე ვან კოლდამიც, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი.

„ძალადობის ყველა ორგანიზატორი დღეს და წარსულშიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. სიყვარული არ შეიძლება დამარცხდეს“, - წერს ის.

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმაც დაწერა, რომ ის შეძრწუნებულია იმის გამო, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ მაინც ჩაიშალა.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, - დაწერა მარკ კლეიტონმა ტვიტერზე.

ასევე ნახეთ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი შეძრწუნებულია "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის გამო

დღეს, რვა ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.

მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".

ჩაშლილი „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.

ასევე ნახეთ „ევაკუაცია გვიწევს“, - წერენ „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორები