„პრაიდ ფესტივალის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჯაყელი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათ „ლისი ვანდერლენდიდან“ „ევაკუაცია უწევთ“.
„თბილისი პრაიდმა“ კი დაწერა, რომ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ შორის.
ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც დღეს, 8 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ დასკვნით ღონისძიებაზე მისვლას აპირებდა, აღარ მივიდეს იქ.
„მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ!“, - წერს მარიამ კვარაცხელია, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
„ყველა მხრიდან შემოგვივარდნენ და ახლა ყველა „მარშრუტკით“ გადავყავართ“, - ამბობენ ფესტივალის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს.
„ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, ახლა ჰომოფობიურად განწყობილი, ანტილგბტ აქციის ასობით მონაწილეა შეკრებილი.
ისინი ცდილობდნენ პოლიციის კორდონების გარღვევას, რის დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას გაარიდა.
შსს აცხადებდა, რომ მიიღებდა ყველა შესაბამის ზომას, რათა ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარებულიყო და პირობას დებდა, რომ დაიცავდა თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, რომელიც არ გასცდებოდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.