მივიღებთ ყველა ზომას, რომ ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდეს - შსს „პრაიდის ფესტივალზე“

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, 8 ივლისს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

უწყების განცხადებით, სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს-ს თანახმად, ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, „პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“.

შსს მოუწოდებს „პრაიდის ფესტივალის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

სამართალდამცავები მიმართავენ „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები.

8 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში ტარდება დახურული ღონისძიება, რომელიც გაიმართება კერძო ტერიტორიაზე, მხოლოდ დარეგისტრირებული სტუმრებისთვის. „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, ღონისძიებას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ასევე ნახეთ „თბილის პრაიდის“ განცხადებით, ფესტივალთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებითვე, „რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით“. როდესაც „ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება“. „თბილისი პრაიდის“ განცხადებით ამით „საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილის გაღვივებას“ ცდილობენ.

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ". ღონისძიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" და მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ასევე მათი მხარდამჭერები.

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ასევე ნახეთ „პრაიდის კვირეულის" საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ბანკის ანგარიშები გაეყინა