კოდორის ბედის თავიდან ასაცილებლად გალის რაიონში „სამართლიანობის" აღდგენა სურთ

ფოტო არქივიდან. ქალაქ გალის ცენტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივ პალატაში მიიჩნევენ, რომ გალის რაიონის მოსახლეობა მძიმე პირობებში ცხოვრობს და უსამართლოდ იჩაგრება.

აფხაზეთში, საიდანაც 90-იან წლებში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართველები მასობრივად გამოდევნეს, გალი რჩება ერთადერთ რაიონად, სადაც ქართველები ცხოვრობენ. მათ დიდ ნაწილს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს და ოკუპირებული რეგიონიდან ხშირად გადადიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციის მიხედვით, 6 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას „საზოგადოებრივი პალატის“ წევრმა, დავით ფილიამ განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა.

როგორც ფილიამ თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე „სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიაზე“ ცხოვრობდა 92 ათასი ადამიანი, დღეს კი „აღმოსავლეთ აფხაზეთში ცხოვრობს 55 ათასი სამურზაყანოელი“.

აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი დავით ფილია(მარცხნივ) დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე

ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრის თანახმად, წელს, გალის რაიონში სკოლა დაამთავრა 230-მა მოსწავლემ და ეჭვი ეპარება, რომ ისინი აფხაზეთში დარჩებიან, რადგან „მეზობელ ქვეყანას სპეციალური პროგრამა აქვს“ და „სკოლის მოსწავლეებს ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში უკავშირდებიან“. ფილია გულისხმობდა საქართველოს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსებას ითვალისწინებს.

ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრმა ეს იმით ახსნა, რომ „დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენა მოთხოვნადი ხდება“, გალელმა ბავშვებმა კი, რუსული იციან. ფილიას თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიონიდან გაემგზავრა 15,5 ათასზე მეტი ახალგაზრდა, რაც „შემაშფოთებელი“ რიცხვია და სამომავლოდ გალმა შესაძლოა, გაიზიაროს კოდორის ხეობის ბედი, სადაც დღეს არავინ ცხოვრობს.

„ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე და სად მოვძებნით მოსახლეობას, რომელიც წასულებს შეცვლის?“ - იკითხა დავით ფილიამ. ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა გალელები საქართველოში მიდიან არა იმიტომ, რომ ეს ძალიან უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ რაიონის მცხოვრებთ ძალიან მძიმე პირობები შეუქმნა.

ფილიამ ერთ-ერთ მაგალითად ის დაასახელა, რომ გალის რაიონში დაბადებულ ბავშვებს არ აძლევენ დაბადების მოწმობას, თუ მშობლებს არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი აფხაზური დოკუმენტები. ფილიას თქმით, გალის რაიონის მცხოვრებთ ძირითადად, საქართველოს პასპორტი აქვთ, ამიტომ მშობლები იძულებული არიან ზუგდიდში წავიდნენ და დაბადების მოწმობა იქ აიღონ. როგორც ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრმა განაცხადა, ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ, რადგან „ბავშვი, რომელიც მათთან დაიბადა, მათი ბავშვია“.

ასევე ნახეთ აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ - სოხუმი გალის რაიონს რუსი ტურისტებისთვის ამზადებს

დავით ფილიამ ინფორმაციის წყაროს დაკონკრეტების გარეშე ილაპარაკა იმაზეც, რომ 1700-ზე მეტ ადამიანს უნდა „ისტორიული გვარის“ აღდგენა - ზუხბაიას ზუხბად, თარბაიას - თარბად და ინალიშვილს - ინალ-იფად.

„თუ სტალინის და ბერიას პოლიტიკამ რამდენიმე დღეში ყველანი ქართველებად გვაქცია, 30 წელი ხელს ვინ გვიშლიდა, რომ ისტორიული სამართლიანობა აღგვედგინა“, - განაცხადა ფილიამ. მისი მტკიცებით, 10 გამოკითხული ადამიანიდან 9 ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ფილიამ ისიც თქვა, რომ არის ხალხი, ვისაც უნდა, რომ ეროვნების გრაფაში „მეგრელი“ ეწეროს და წინააღმდეგობა არც ამას უნდა გაუწიონ, რადგან „მეგრელები უძველესი კულტურის ხალხი, ლაზები არიან“.

ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის „პრეზიდენტთან“ უნდა შეიქმნას გალის რაიონის საკითხებზე მომუშავე კომისია, რომელიც პრობლემების მოსაგვარებლად რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციის მიხედვით, ამ ყველაფრის „ყურადღებით მოსმენის“ შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ჩამოთვლილი პრობლემები რეალურად არსებობს, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში, „გალის რაიონში პოლიტიკა ტარდებოდა სხვა ვექტორით“, შემდეგ კი, ეს იქცა დისკუსიის საგნად და ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია.

ბჟანიამ „საზოგადოებრივ პალატას“ მიმართა, რომ თუ ეს მისი პოზიციაა, ამ სახით მიიტანოს არა მხოლოდ „პრეზიდენტამდე", არამედ „პარლამენტამდეც". თავად ბჟანიამ ამ პოზიციას „ახლო და გასაგები“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის შემდეგ პრობლემების მოგვარება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიწყონ და ამ საკითხის გარშემო „არანაირი პოლიტიკანობა არ უნდა იყოს“, რადგან საუბარია აფხაზეთში მცხოვრებ ხალხსა და მოქალაქეებზე და „გალის რაიონში სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაზე მოსახლეობასთან მუშაობით“. ბჟანიას თქმით, პირადად „საზოგადოებრივ პალატას“ მხარს დაუჭერს.

  • 2014 წელს, აფხაზეთის მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის განზრახვამ, გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის მიეცათ აფხაზური პასპორტები, პოლიტიკური დაპირისპირება და ანქვაბის გადადგომა გამოიწვია. დღეს ანქვაბი აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრია.
ასევე ნახეთ ანქვაბს საპროტესტო აქციებით დაემუქრნენ გალელ ქართველებზე განცხადების გამო